ქვის მთლელი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვის მთლელი. ის დაიღალა მზის გულზე, საშინელ სიცხეში მუშაობით და თავისთვის ჩაილაპარაკა:
— მე მომბეზრდა ასე ცხოვრება და ქვების თლა იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი... და კიდევ ეს მზე, რომელიც მუდმივად ანათებს! როგორ ძალიან მინდა მის ადგილზე ყოფნა! ვიცხოვრებდი მაღლა ცაში, ვიქნებოდი ყოვლისშემძლე, ცხელი, მთელს მსოფლიოს ჩემს სხივებს მოვფენდი! — ბოლო სიტყვის თქმა ვერ მოასწრო რომ საოცრება მოხდა: მისი ნატვრა ახდა და ქვის მთლელი მზედ გადაიქცა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ სურვილი შეუსრულდა და სიხარულით დაიწყო თავისი სხივების გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ, მან შეამჩნია, რომ ღრუბლები, მის სხივებს გზას უღობავდნენ.
— რად მინდა მზე რომ ვიყო, თუ უბრალო ღრუბლებს შეუძლია ჩემს სხივებს გზა გადაუღობოს და არ გაუშვას? — წამოიძახა მან. — თუ ღრუბელი მზეზე ძლიერია, მირჩევნია ღრუბელი ვიყო! და ის ღრუბლად გადაიქცა. მან მთელ დედამიწას შემოუარა, მიფრინავდა და მიწას აწვიმდა, მაგრამ, უეცრად ქარი ამოვარდა და ღრუბლები გაფანტა.
— ჰო, ქარს, თურმე, ღრუბლების გაფანტვა შეძლებია, ესე იგი, ის უფრო ძლიარია, მე მინდა, რომ ვიყო ქარი! — გადაწყვიტა მან. და გახდა ქარი. და დაქროდა ის მთელს მსოფლიოში. ის აწყობდა ქარიშხლებს და ტაიფუნებს. მაგრამ, უეცრად შეამჩნია, რომ მას გზას კედელი უღობავდა. ძალიან მაღალი და ძალიან მტკიცე. ეს იყო მთა.
— რად მინდა ქარი რომ ვიყო, თუ უბრალო მთას შეუძლია რომ შემაჩეროს? ის ყველაზე ძლიერია! — თქვა ეს ჩვენმა გმირმა და მთად გადაიქცა. და უეცრად მან იგრძნო, რომ გვერდში რაღაც უკაკუნებდა. რაღაც, რაც მასზე უფრო ძლიერია. მას მისი ძირის გამოთხრა და დასამარება უნდა. და ეს იყო… პატარა ქვისმთლელი!
სამი საცერი
ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა:
— იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა?
— მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.
— სამ საცერში?
— ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა?
— არა, მეც სხვისგან გავიგე.
— ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა?
— არა, პირიქით.
— ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ?
— არა, ამის აუცილებლობა არ არის.
— ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?
იღბალი
მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა :
- ვისთან წახვაალ? - ჰკითხა ღმერთმა იღბალს.
- წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩები, - უპასუხა იღბალმა.
- ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია, შენ კი ზარმაცთან მიდიხაარ?
იღბალმა კი საპასუხოდ მიუგო:
- შრომისმოყვარე მე თავად მიპოვის...